ოკუპანტთა საინჟინრო და საბრძოლო ტექნიკის გადაადგილება ფრისი-ერედვის მონაკვეთზე – “ძალა ერთობაშია” ფოტოებს ავრცელებს

ლაშა ბერულავა 2017-10-07 15:29:32 ნახვები 596

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია”, რომელიც უკვე ორ თვეზე მეტია შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე სამშვიდობო-სადამკვირვებლო მისიას ატარებს, ოკუპანტთა აქტივობის ამსახველ ახალ ფოტოებს ავრცელებს, რომლებიც 6 ოქტომბერსაა გადაღებული.

დღეს ცხინვალი-ახალგორის გზის, ფრისი-ერედვის მონაკვეთზე საკმაოდ აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა. მძიმე სამხედრო და სამშენებლო ტექნიკა, რომელიც დიდი ალბათობით, ერედვის სრული და საბოლოო განადგურებისთვის იყო შეყვანილი.

ეს გააქტიურება მოჰყვა რამოდენიმე დღის წინ “ერგნეთის შეხვედრაზე” დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებას იმის შესახებ, რომ ერედვის მიწასთან გასწორება უკავშირდება ქვეწარმავლების გააქტიურებას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანებს.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ სოფელ ერედვში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაბომბვას გადარჩენილი, ეთნიკური ქართველების სახლების ნგრევა და ტერიტორიის ნასახლარებისგან გაწმენდა დაიწყეს.

სამუშაოებისთვის თანხა რუსეთის ბიუჯეტიდან გამოიყო და მან 4,2 მილიარდი რუბლი (70 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა. ამ ეტაპზე 168 სახლი უკვე დანგრეულია, პროგრამით გათვალისწინებულია 268 სახლის დანგრევა. ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ მიწა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაეცემა.

სამუშაოების მწარმოებელი ფირმის წარმომადგენელი ამბობს, რომ ზოგი სახლის ფუნდამენტის აღება პრობლემატურია, რადგან ის მიწის სიღრმეში, სამი და მეტი მეტრითაა ჩასხმული.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შემუშავების ფარგლებში ერგნეთში გამართული შეხვედრის დროს, ქართული მხარის შეკითხვაზე, რა ხდება, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ტერიტორიის გაწმენდა ქვეწარმავლების მომრავლების შემდეგ გადაწყდა.

ასევე, შეგახსენებთ, რომ ოფიციალურმა თბილისმა მიუღებელი უწოდა ერედვში ქართველთა დანგრეული სახლებისგან ტერიტორიის გაწმენდის პროცესს და განაცხადა, რომ “ეს არ არის ნასახლარები, ეს სახლკებია, რომლებიც იქ მცხოვრებ ადამიანებს ეკუთვნის”.

“ძალა ერთობაშია” დამკვირვებელთა მიერ გადაღებული და ვიდეოდან დამუშავებული ფოტოები:

       

 

დატოვე კომენტარი