ზურგზე ამოტვიფრული საფლავის ქვა – პუტინს კიევიდან იუბილე Femen-მა მიულოცა(ვიდეო)

ლაშა ბერულავა 2017-10-07 15:35:46 ნახვები 1507

Femen-ის აქტივსტმა მერილინ მონროს სტილში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დაბადების დღე მიულოცა. მას ზურგზე პუტინის წარმოსახვითი საფლავის ქვა ჰქონდა ტატუირებული და ნამგლისა და უროს გამოსახულებიანი წითელი ტრუსი ეცვა.

ფემინისტი გაუქმებულ საბჭოთა სოციალისტური რევოლუციის გმირთა მემორიალის კვარცხლბეკზე აძვრა და სიმღერა “Happy birthday, mr. President” შეასრულა.

უმაღლეს რადასთან ახლოს მდებარე პარკში, სადაც პერფორმანსი გაიმართა, საპატრულო პოლიცია მივიდა. პოლიციის განცხადებით, ფემინისტის ქმედება შეფასდა, როგორც წვრილმანი ხულიგნობა, თუმცა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ ის ისე გაათავისუფლეს, რომ ადმინისტრაციული წესით არ დაუჯარიმებიათ.

შეგახსენებთ, ვლადიმირ პუტინი დღეს 65 წლის გახდა. ეს ერთადერთი “საჩუქარი” არ არის, რაც ვლადიმირ პუტინს მოუმზადეს – 6 ოქტომბერს სირიაში კიდევ ერთი რუსი ოკუპანტი გენერალი, ალექსანდრე ვიაზნიკოვი დაიღუპა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი ორგანიზატორია და ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში რუსულ სადამსჯელო შენაერთებს ხელმძღვანელობდა.

გენერალ-მაიორი ვიაზნიკოვი რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილე იყო სამშვიდობო ოპერაციებში ოპერატიული რეაგირების დარგში. გენერალ-მაიორი შეტანილია უკრაინული “მიროტვორეცის” ბაზაში, როგორც უკრაინის ერთიანობის წინააღმდეგ მებრძოლი რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი.

დატოვე კომენტარი