ოკუპირებული ძარწემის პოლიგონზე რუსი არტილერისტები სწავლებას გადიან

ლაშა ბერულავა 2017-10-11 15:40:01 ნახვები 1311

ოკუპირებულ სოფელ ძარწემში მდებარე პოლიგონზე (ძარწემი – გორის მუნიციპალიტეტის სოფელი, რედ.) შიდა ქართლში დისლოცირებული ოკუპანტი არტილერისტები სწავლებას გადიან. 

როგორც “ძალა ერთობაშია” სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი კასრაძე ერგნეთიდან იტყობინება, სროლისა და აფეთქების ხმა ერგნეთშიც ისმის. “ძალა ერთობაშია” აცხადებს, რომ რუსი არტილერისტებს თვითმავალი ჰაუბიცის Мста-С-ისა და ნაღმმტყორცნ Сани-ს ეფექტურად გამოყენების მეთოდებს ასწავლიან, სწავლების მიზანი კი მთიან პირობებში სადაზვერვო-საცეცხლე კონტურის ათვისებაა.

სწავლებაში რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შენაერთებიდან 58-ე არმიის მოტომსროლელი ბრიგადის არტილერისტები მონაწილეობენ. სწავლებაში, ჯამში 200-დე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. ჩართული იქნება საბრძოლო ტექნიკის მინიმუმ, 50 ერთეული, მათ შორის, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა Град, 152 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა Мста-С და 120 მმ-იანი ნაღმტყორცნები Сани.

შეგახსენებთ, ოკუპირებული ძარწემის პოლიგონზე ბოლო წვრთნა 2016 წლის ზაფხულში გაიმართა.

შეგახსენებთ ასევე, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია”, მოქალაქე დამკვირვებლებთან ერთად, უკვე 80 დღეზე მეტია, შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლის ყარაფილა-ხურვალეთი-ერგნეთის მიმართულებით პატრულირებას აწარმოებს და ფოტო და ვიდეომასალებს ავრცელებს.

 

დატოვე კომენტარი