ბოხო გაბესკირია: “24 წელი გელოდე, მამა… ყველა დაკაკუნება შენი მეგონა…”

ლაშა ბერულავა 2017-10-12 15:41:20 ნახვები 849

1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობის შტურმის დროს დახვრეტილი სოხუმის მაშინდელი მერის გურამ გაბესკირიას ცხედარი ერთერთი იყო იმ 24 ცხედარს შორის, რომლებიც თბილისში ჩამოასვენეს.

გურამ გაბესკირია ჟიული შარტავასთან და შენობის სხვა დამცველებთან ერთად ტყვედ აიყვანეს. ვიდეოფირზე, სადაც აღბეჭდილია დატყვევებულების გამოყვანა მინისტრთა საბჭოს შენობიდან, ჩანს, რომ ერთ-ერთი “ბოევიკი” გურამ გაბესკირიას მიმართავს:

„- დაიჩოქე, პატიება გვთხოვე და შეაგინე ქართველებს!“, რაზეც გურამ გაბესკირია პასუხობს: „არასოდეს, ცხოვრებაში!“.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლკოვნიკ გურამ გაბესკირიას სიკვდილის შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა და ეროვნული გმირის ორდენი მისი ოჯახის წევრებს გადასცა.

მამას ემოციურად დაემშვიდობა გურამ გაბესკირიას ვაჟი ვლადიმირ (ბოხო) გაბესკირია, რომელმაც “ფეისბუქზე” დაწერა:

“11 წლის ვიყავი, ბოლოს რომ გნახე. – შენ იცი, ბოხოო, მითხარი, – თუ რამე შენ ხარ კაციო, გახსოვდესო…24 წელი გელოდე, მამა…

პატარა ბიჭი ვიყავი და ჩვენი ერთოთახიანის კარზე, ყველა დაკაკუნება შენი მეგონა, ტელეფონის ყველა ზარი-შენი მეგონა! გელოდებოდი, გელოდებოდით ყველანი – მაშინ სამნი, ახლა კი შვილიშვილები და შვილთაშვილიც…

ვიცოდი რომ დაბრუნდებოდი ოდესმე…ვიცოდი, რომ მამაჩემი გამარჯვებული დაბრუნდებოდა იმ ომიდან ქართველ კაცებს რომ არ წაუგიათ!!! არასოდეს დავიჩოქებო, მამა ასე თქვი არა მხოლოდ მტრის გასაგონად, ჩვენს გასაგონადაც თქვი ეს!

არც ჩვენ არ დავიჩოქებთ არასოდეს: ქართული მიწიდან ქართულ მიწას მიგაბარებთ! ყველა გემშვიდობება, როგორც გმირს, მე კი ახლა დავობლდი თითქოს…”

დატოვე კომენტარი