ლიტვაში КГБ-ს აგენტთა შეტყობინებების გამოქვეყნება დაიწყეს

ლაშა ბერულავა 2017-10-18 15:48:26 ნახვები 366

გენოციდისა და რეზისტენციის კვლევის ლიტვის ცენტრმა საბჭოთა სპეცსამსახურის – სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის აგენტურული ინფორმაციის გამოქვეყნება დაიწყო. 

აგენტურული ინფორმაცია სუკ-ის დავალების შესრულების, ან საკუთარი ინიციატივით მიწოდებული ცნობების შესახებ უშუალოდ აგენტის ხელით დაწერილი ტექსტია, რომელსაც ხელს ფსევდონიმით აწერდნენ. ფსევდონიმი წინასწარ იყო შერჩეული და ინდივიდუალური იყო ყველა აგენტისთვის.

ამჟამად ქვეყნდება იმ პირთა აგენტურული ინფორმაცია, რომლებიც შემდეგ ლიტვურ ემიგრანტულ ორგანიზაციებში მოქმედებდნენ: ლიტვის გათავისუფლების მთავარი კომიტეტი, ლიტვის მსოფლიო თემი, ლიტველთა კავშირი აშშ-ში, აშშ-ის ლიტველთა თემი და საზოგადოება Santara-Sviesa.

მოგვიანებით დაგეგმილია სამეცნიერო-ტექნიკური დაზვერვის აგენტების შეტყობინებათა გამოქვეყნება. აღსანიშნავია, რომ აგენტურულ შეტყობინებათა მეტი წილი სუკ-ში კათოლიკური ეკლესიის წიაღში მოქმედი საიდუმლო აგენტებისგან მიდიოდა. ინფორმაციების გამოქვეყნებისთვის სპეციალური ვებ-გვერდია შექმნილი, რომელიც 2011 წლიდან მოქმედებს. ამ დროისთვის 5,5 ათასზე მეტი დოკუმენტია გამოქვეყნებული.

დატოვე კომენტარი