ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჭოსანთან რუსი ოკუპანტების მობილიზაცია და გააქტიურება შეინიშნება. ამის შესახებ ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშია”, სადამკვირვებლო ჯგუფზე დაყრდნობით იტყობინება, რომლებიც შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე, უკვე 80 დღეზე მეტია, პატრულირებენ.
ორგანიზაციისა და დამკვირვებელთა ჯგუფის ლიდერი დავით ქაცარავა “ფეისბუქზე” ვიდეოსაც აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ორჭოსანში სამხედრო ფორმაში ჩაცმული რუსი ოკუპანტები, სამხედრო-სატვირთო მანქანით. ჯერჯერობით დაუდგენელია გააქტიურებისა და მობილიზაციის მიზეზი – შესაძლოა, ეს გეგმიური სწავლება იყოს, შესაძლოა, ასევე გეგმიური ვარჯიში სროლაში, თუმცა, სროლის ხმა ამ დროისთვის არ ისმის”, – განაცხადა დავით ქაცარავამ “დეოკუპაცია.ჯი-სთან” საუბარში და სპეცაპარატურით გადაღებული ფოტოებიც მოგვაწოდა.
ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელი ორჭოსანი გორის რაიონის სოფელ ხურვალეთს ესაზღვრება. ორჭოსანში რუსი ოკუპანტების ერთერთი ბაზაა განთავსებული. 2017 წლის აგვისტოში ორჭოსნის ბაზიდან გამოსულმა რუსმა ოკუპანტებმა საბრძოლო სწავლება დაიწყეს, რასაც ახლომდებარე ტყეში ხანძარი მოჰყვა. მაშინ ეს ინფორმაცია, რომელიც პირველებმა სწორედ “ძალა ერთობაშია” დამკვირვებლებმა გაავრცელეს, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში უარყვეს. მათი განცხადებით, სწავლება ე.წ. საზღვრიდან მოშორებით დაიწყო.