ჩეჩნეთში რუსმა ჯარისკაცმა ოთხი თანამებრძოლი მოკლა

ლაშა ბერულავა 2017-10-24 16:01:03 ნახვები 688

ჩეჩნეთში, შელკოვსკაიას ლოკაციაზე მდებარე რუსეთის გვარდიის ყაზარმაში უფროსმა ლეიტენანტმა ოთხი თანამებრძოლი მოკლა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ დისციპლინის ხშირი დარღვევის გამო გვარდიიდან გაშვებას უპირებდნენ.

სამხედრომ, რომელიც ჟუკოვის ორდენოსან ოპერატიული დანიშნულების ცალკეული ბრიგადის 48-ე რაზმში მსახურობდა, გადაწყვიტა, საქმე გაერჩია ოფიცრისთვის, რომელმაც მისი დათხოვნის საკითხი წამოაყენა.

როგორც “ლენტა.რუ” იტყობინება, ლეიტენანტმა ჯერ დალია, მერე კი არსენალის ოთახიდან პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი აიღო და ოფიცერთან საქმის გასარჩევად გაემართა.

მისი შეჩერება რაზმის მეთაურმა სცადა, მაგრამ ლეიტენანტმა ის რამდენიმე გასროლით მოკლა, შემდეგ კი ასევე ცეცხლი გაუხსნა სამ რიგითს, რომლებიც ოთახში სროლის ხმაზე შეცვივდნენ. სამივე ჯარისკაცი დაიღუპა.

არსენალის ოთახის მიმართულებით, სადაც შეიარაღებული ჯარისკაცი იმყოფებოდა, სპეცდანიშნულების რაზმი გაგზავნეს, რის შემდეგაც სამხედრომ გაქცევა სცადა, მაგრამ სპეცრაზმმა ის ადგილზე მოკლა.

დატოვე კომენტარი