სოფელ ახმაჯთან რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები 20 და 42 წლის მამაკაცები არიან

ლაშა ბერულავა 2017-10-31 16:03:39 ნახვები 439

ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახმაჯის მიმდებარედ რუსმა ოკუპანტებმა შეშის საჭრელად გასული საქართველოს ორი მოქალაქე აიყვანეს და ახალგორის მილიციის შენობაში გადაიყვანეს. 

როგორც “ძალა ერთობაშია” თავის დამკვირვებლებზე დაყრდნობით იუწყება, დაკავებულები 20 წლის გიორგი შუკაკიძე და 42 წლის ჯონი თათარაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის მცხოვრებლები არიან. დაკავებულების ოჯახებს უკვე დაუკავშირდნენ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები და 2.000 რუსული რუბლის გადახდა მოითხოვეს – სწორედ ეს თანხაა დაწესებული ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის, რასაც დაკავებულებს ედავებიან.

ახმაჯი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელია და რუსი სამხედროების მიერაა ოკუპირებული. ის ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე, მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. სოფელში განთავსებულია რუსი ოკუპანტების ერთერთი სამხედრო-საცხოვრებელი ბაზა.

როგორც ადგილობრივები “ძალა ერთობაშია” დამკვირვებლებთან საუბარში აღნიშნავენ, იმ ადგილას, სადაც ორი მოქალაქე აიყვანეს, არც მავთულხლართია და არც ე.წ. სახელმწიფო საზღვრის სიახლოვის მიმთითებელი ბანერი.

მათი თქმით, ოკუპანტებმა ამჯერადაც ჩვეულ ხერხს მიმართეს: საქართველოს მოქალაქეები ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან აიყვანეს, მავთულხლართებს მიღმა გადაიყვანეს და იქ კი, სავარაუდოდ, ფოტოები გადაუღეს, როგორც “სახელმწიფო საზღვრის დამრღვევ პირებს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ორი კვირის წინ ახმაჯში რუსმა ოკუპანტებმა სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს და მავთულხლართების გავლებას სრულიად ახალ ტერიტორიაზე შეუდგნენ.

დატოვე კომენტარი