უცნობი ჯარისკაცის თავგანწირვა – ნამდვილი ამბავი დვანში მომხდარ გმირობაზე

ლაშა ბერულავა 2017-11-06 16:08:07 ნახვები 586

რიჟრაჟზე განსაკუთრებულად აცივდა, გიორგიმ ავტომატის მჭიდსა და სასხლეტს შორის დაფარებული ხელი ჯიბეში ჩაიყო:  „დაიძინებდა კაცი“, – გაიფიქრა და გულიანად დაამთქნარა, – „მოძრაობა მაინც შეიძლებოდეს, გაივლ-გამოივივლიდი, გონება გადავიდოდა სხვა რამეზე, თვალსაც მოატყუებდა ადამიანი…“

სამხედრო ქუდსა და შუბლს შორის ქოჩორზე ლიახვის ხეობიდან მონაბერი ცივი სიო უბერავს, მაგრამ ვეღარ გრძნობს, მთლად გათიშულია, თვალები უძლობისაგან ეწვის,  დროდადრო ცნობიერებასაც კარგავს. უცებ მუხლი მოიყარა და მუხლის თავს ჯერ მძიმედ ჩამოეყრდნო, შემდეგ კი თავი დაადო და თვალები დახუჭა, ახლა გინდა ესროლონ, უკვე სულ ერთია,  იავნანასავით ჩაესმის მდინარის შხუილი, იფნის ხეზე ჭოტი გულსაკლავად ჭყივის.

„შევარდენი“, „შევარდენი“, როგორ გესმის ჩემი, „შევარდენი?“ – გაისმა რაციის ხმა, ძილში შეხტა, წამოდგა ფეხზე და ნახევრად დახუჭული თვალებით რაციას ეცა, იმდენი კი მოზომა, რომ სხვის საძახისს არ უპასუხა ( ,,შევარდენი’’ მისი საძახისი არ იყო). „ჩამძინებია, დასწყევლოს ღმერთმა!“ – ხმამაღლა წამოიძახა და სიმწრისგან მარჯვენა მუშტად შეკრულ ხელზე იკბინა: „გათენებულა, გათენებულა, ამის!..“

სწრაფად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი წინ, ჯერ მარჯვნივ გახედა თავის სამეთვალყურეო   ტერიტორიას, შემდეგ ზემოთ ქედს გახედა და გაიყინა, სახეზე მკვდრის ფერი დაედო. სანამ ეძინა, იმ ქედზე (რომელიც სოფელს გადაჰყურებდა)  მტრებს ქართული დროშა ჩამოეხსნათ და მის ნაცვლად რუსული დროშა დაეკიდათ…

არადა, ქედზე ასასვლელი ვიწრო ბილიკი  იმ ადგილას იყო, სადაც  მას ჩაეძინა: ,,გვერდით ჩამიარეს, არ მომკლეს… არ მომკლეს, მაგრამ მასხრად ამიგდეს, მასხარად აიგდეს ქვეყანა, არ მომკლეს, მაგრამ ეხლა მე თვითონ მოვკვდები…“ – გაიფიქრა და  სწრაფი ნაბიჯით ქედისკენ გაემართა.

წვერამდე ასე სამასი მეტრი იქნება, ჯარისკაცი გამოცდილია, ინტუიციით  ხვდება, რომ ეს მოწყობილი ამბავი  ალიბია, მთავარი ისაა, რომ დროშა დანაღმულია. დანაღმულია და გიორგი მას აუცილებლად ამოაძრობს… ერთხელ დაიბადა და ერთხელ მოკვდება, კაცურად მოკვდება. იმის წარმოდგენაც კი ზარავს, როგორ შეხედავენ  დილით, ახალგაღვიძებული სოფლის მაცხოვრებლები ქედზე აღმართულ რუსულ დროშას.

არა, ეს არ მოხდება, მალე ავა, ავა გიორგი ქედზე და იმ დროშას ამოაძრობს, ამოაძრობს და დამთავრდება ყველაფერი. მანამდე კი სამასი მეტრი აქვს გასავლელი,  თავის ცხოვრებაში ყველაზე მოკლედ გასავლელი, ყველაზე გრძელი სამასი მეტრი.  მიდის, კი არ მიდის მიჰქრის, მიჰქრის სიკვდილთან შესახვედრად, ერთი ნაბიჯი, მეორე, მესამე, მეოთხე…

რა დროს დაუშვა შეცდომა,  ეს როგორ შეიძლებოდა… სამწუხაროა , უკვე აღარაფრის შეცვლა არ შეუძლია. რამდენი იწვალა, აქამდე რომ მოსულიყო. პირველი კონტრაქტი და კოსოვო, შემდეგ ერაყი, ავღანეთი, აგვისტოს ომსაც გადაურჩა ორი თვის წინ.  მშობლები, ცოლი, შვილი, პატარას არც კი ეხსომება მამა… ო, როგორი დიდი სიამოვნებით მოტრიალდებოდა უკან, მაგრამ კაცობას რა უყოს, სახლში რა პირით დაბრუნდეს ?!  და მიდის, კი არ მიდის, მიჰქრის…

როგორ ახსოვს,  ბავშვობაში  პირველად პლასტსმასის ავტომატი რომ დაიკავა ხელში და ომობანა ითამაშა, თვითონ ვითომ გერმანელთა  ბანაკში იყო, მოწინააღმდეგე გუნდის ბავშვები კი რუსების,  ბავშვობაში თამაშის დროსაც რუსებს ებრძოდა…

ოთხი ნაბიჯი, სამი, ორი, ერთი, ეგაა….

მივიდა, დადგა რუსული  რუსული დროშის წინ, თითქოს სუნთქვა შეეკრა, ხელი თამამად მოჰკიდა. ,,ღმერთო’’,  ,,ღმერთო’’,  ორჯერ ხმადაბლა ჩაილაპარაკა, მიწას დახედა, შემდეგ თავი მაღლა ასწია და დიდი ხმით დაღრიალა :  „საქართველოს გაუმარჯოს!“

დილით სოფლის მოსახლეობა ძლიერმა აფეთქების ხმამ გააღვიძა…

მას მერე ცხრა წელი გავიდა, დღეს საქართველოს  თითქმის ყველა ქალაქში  აღმართულია რუსული ,,აეროფლოტი’’-ის ბანერები, ქუჩებში გვხვდებიან ავტომობილები რუსული სანომრე ნიშნით  და რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ვიზის გარეშე, შეუზღუდავად გადაადგილდებიან  ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში, გიორგი კი მიწაში წევს…

გვარი შეგნებულად არაა დასახელებული – რა აზრი აქვს, დღეს ხომ ძალიან ცოტას ახსოვს სამაჩაბლო და მას შეწირული უცნობი გმირები…

დატოვე კომენტარი