სანამ ჩვენ გვეძინა, რუსმა ოკუპანტებმა გზა გაჭრეს, დატკეპნეს და დატესტეს კიდეც...

ლაშა ბერულავა 2017-12-01 01:25:59 ნახვები 9281

მწარე გამოცდილება ცხადყოფს, რომ რუსი ოკუპანტები არასდროს მოქმედებენ განცალკევებულად, საერთაშორისო კონტექსტიდან ამოვარდნილად და მთელი რიგი ფაქტორების გაუთვალისწინებლად.

ისიც გვასწავლა გამოცდილებამ, რომ მათი მზაკვრული ჩანაფიქრის ამოცნობა, პრაქტიკულად, შეუძლებელია - გრუ-ს დერეფნების ლაბირინთებში, კაბინეტებიდან კაბინეტებში რონინის დროს შემუშავებული გეგმები მრავალმხრივია და მუდამ ტოვებს რამდენიმე ვერსიის გაჩენის შესაძლებლობას, რომელთაგან, როგორც წესი, ბოლოს ის ახდება, რომელიც თავიდან ყველაზე ნაკლებად დამაჯერებელი ჩანდა ან სულაც ის სცენარი განვითარდება ხოლმე, რომელიც არც განხილულა და შესაბამისად, არცაა ვინმე მზად, რუსულ გამოწვევას უპასუხოს.

მივყვეთ თანმიმდევრულად. რუსმა ოკუპანტებმა შიდა ქართლის ზოლზე გაასააქტიურებლად სწორედ ის ადგილი აირჩიეს, საიდანაც მათ გადაადგილებას არამარტო ევროკავშირის დამკვირვებლები, არამედ „ძალა ერთობაშია“ წევრი მოქალაქე ატივისტებიც ადევნებენ თვალს.

ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთი ყოველთვის იყო მათი განსაკუთრებული აქტივობის ზონა და ამაზე ისიც მიანიშნებს, რომ სწორედ აქ, ყარაფილას განაპირასაა აღმართული ის ყბადაღებული ბანერი, რომელიც ცენტრალური მაგისტრალიდან 400 მეტრშია.

თუ ამ ბანერის ისტორიას თვალს გადავავლებთ, დავინახავთ, რომ ეს ადგილი რუსი ოკუპანტების განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს და ეს არცაა გასაკვირი: სწორედ ამ მონაკვეთზეა მოქცეული ე.წ. გამყოფ ზოლს იქეთ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის კილომეტრნახევრიანი მონაკვეთი.

შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში, მაგისტრალიდან 400 მეტრის დაშორებით ამ ბანერის აღმათვისას ოკუპანტებმა სიტუაცია დატესტეს. ჯერ ბანერი აღიმართა და რეაქციამაც არ დააყოვნა:

14 ივლისს ბერშუეთში, სადაც ასევე უკანონო ბანერი გაჩნდა, „ქრონიკა პლუსის“ ინიციატივით საკმაოდ ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა, იმავე დღეს კი ყარაფილის ბანერთან საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი გავიდა და ჟურნალისტების თანდასწრებით გამოხატა ოფიციალური პოზიცია - ეს ბანერი საფრთხეა ქვეყნისთვის, რადგან მთავარ მაგისტრალთან ახლოსააო. შესაძლოა, ეს კელის მხრიდან ერთგვარი მინიშნებაც ყოფილიყო, თუ ოკუპანტთა შემდგომ აქტივობებს გავითვალისწინებთ:

აშშ-მა კარგად იცოდა, რა მოჰყვებოდა ამ ბანერის აქ განთავსებას. სწორედ ამით იყო გამოწვეული კელის ნაბიჯიც. მან დიპლომატებისთვის დამახასიათებელი შეფუთვით, შესაძლოა, ერთგავრი მიმართულებაც კი უჩვენა გამოვლენილ სახალხო პროტესტს - პირველ რიგში ამ მიმართულებით იაქტიურეთ, ეგაა ახლა მნიშვნელოვანიო.

სახალხო პროტესტის გაგრძელება აქციების სახით ვერ შედგა, მაგრამ სამაგიეროდ, ყარაფილა-ნიგოზას მიმართულებაზე მოქალაქე დამკვირვებლები გამოჩნდნენ. ისინი სოფელ ნიგოზას გორაკიდან ხელისგულზე გადაშლილ სივრცეს აკვირდებიან, საიდანაც ორჭოსნის საოკუპაციო ბაზა კარგად ჩანს. კარგად ჩანს ასევე, ამ ბაზის წინამდებარე ტერიტორია და დასავლეთის მიმართულებით, წინაგარას საოკუპაციო ბაზაც. იქვეა ხურვალეთი და ბერშუეთი - ოკუპანტების განსაკუთრებული აქტივობის ზონები.

ის, რაც ორი თვის წინ დაწყებულმა პატრულირებამ დადებითი მოიტანა, ცალსახად არის მოქალაქეების გატაცების შეწყვეტა. მთელი ამ ორი თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი შემთხვევა მოხდა, როცა რუსმა ოკუპანტებმა „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ ბრალდებით მოქალაქეები დააკავეს და ისიც, არა ამ მოპნაკვეთზე, არამედ ახალგორის მუნიციპალიტეტში და, რაც მნიშვნელოვანია, დააკავეს არა საქართველოს, არამედ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ტურისტები, რომლებიც მეორე დღესვე გამოუშვეს.

რასაკვირველია, გულუბრყვილობაა იმის მტკიცება, რომ მოქალაქე დამკვირვებლების შიშით ოკუპანტებმა ადგილობრივთა გატაცებაზე ხელი აიღეს. მაგრამ ტაქტიკა რომ შეცვალეს, ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ პრიორიტეტად სხვა რამ დაისახეს - ამაზე მეტყველებს რამდენიმე დღის განმავლობაში გამალებული მუშაობის შემდეგ გაჭიმული გრუნტის, საკმაოდ მაღალი ხარისხის გზა, რომელიც, რატომღაც, ქართული მედიის განსაკუთრებული ყურადღების ღირსი ვერ გახდა.

არადა, კურიოზია: ქართული მედია თითქმის ყოვედღიურ რეჟიმში აშუქებდა ყარაფილას უკანონო ბანერის გასწვრივ ხნულების გავლების პროცესს მაშინ, როცა ამაზე მხოლოდ ერთი ტრაქტორი მუშაობდა, მაგრამ “ძალა ერთობაშია“ ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ყარაფილაში, ორჭოსნის ბაზის მიმდებარედ დღეების განმავლობაში რუსული ბაზიდან გამოყვანილი სამხედრო-საინჟინრო ტექნიკა მუშაობდა და მათ რუსი სამხედროები მართავდნენ, მედიის თვალთახედვის არეში არ მოხვდა.

სანამ ჩვენ გვეძინა, რუსმა ოკუპანტებმა გზა გაჭრეს და დატკეპნეს, უკვე დატესტეს კიდეც. ოფიციალურად და მათი აზრით, ისინი არ არღვევენ შეთანხმებას და არ გადმოდიან ყარაფილის ბანერს აქეთ, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით: იმ ადგილას, სადაც იან კელი იდგა, უკვე კარგად დატკეპნილი გრუნტის გზა გადის, რომელიც ქვეყნის მთავარ მაგისტრალს პარალელურად მიუყვება.

უფრო რომ დავაკონკრეტოთ, ორჭოსნის ბაზიდან ჩამოსული ეს გზა ყარაფილაში დასავლეთისკენ უხვევს, კარგა მანძილზე პარალელურად მიუყვება ავტობანს და შემდეგ წინაგარას მიმართულებით გრძელდება, რაც აჩენს ეჭვს, რომ რუსმა ოკუპანტებმა უმოკლესი გზით დააკავშირეს ერთმანეთს ორი საოკუპაციო ბაზა. ეს იმას ნიშნავს, რომ ავტობანზე თბილისადან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყანაში შემოსული ტურისტების პარალელურად, სულ რაღაც 400-500 მეტრში, რუსი ოკუპანტები იმოძრავებენ - მათივე სამხედრო ტექნიკით, ჩვენ კი ბუზსაც ვერ ავუფრენთ.

რასაკვირველია, ორი ბაზის დაკავშირება აქ მხოლოდ შეფუთული მიზანია და ოკუპანტთა მთავარი მიზანი ამ გზის გაყვანისას ავტომაგისტრალზე სწრაფი წვდომის მოპოვება (საჭიროების შემთხვევაში) და საოკუპაციო ზოლს მიღმა მოქცეული მაგისტრალის მონაკვეთის არდათმობაა.

რას დაუპირისპირებს ამ ფაქტს საზოგადოება, ძნელი წარმოსადგენია: ყველა ნორმალურ ქვეყანაში, თავმოყვარე ხალხი უკვე მაგისტრალზე ყოველდღიური აქციების გამართვის პროცესში უნდა იყოს და უკვე უნდა ჩანდნენ ის აქტივისტები, ვინც ამ გზაზე გაწვებიან და რუსული ტექნიკის გადაადგილებას ხელს შეუშლიან, თუ ეს დააპირეს.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსი ოკუპანტები შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისთვის ხელშეწყობასაც აგრძელებენ, რომ ქართველთა კვალი ამ რეგიონში თანდათან წაიშალოს. მართალია, ადგილმდებარეობა და შერეული, ქართულ-ოსური სოფლების არსებობა, რომლებიც თავის დროზე აქ ჭადრაკულად განლაგდა, ბევრ რამეში ხელს შეუშლის, მაგრამ ზოგ სოფელში ამ გეგმის განხორციელება სხვადასხვა შეფუთვით, უკვე დაწყებულია.

ერთ-ერთი ასეთი მაგალითია სოფელი ერედვი, რომელიც ცხინვალიდან 5 კილომეტრში მდებარეობს: აქ რუსული ტექნიკით ქართველთა ნასახლარების დანგრევა და მიწის მოსუფთავება უკვე დაიწყეს. რასაკვირველია, ეს არ ეხება მხოლოდ ნასახლარებს - თუ სადმეა დაბომბვას გადარჩენილი, ეთნიკური ქართველის კუთვნილი სახლი, „წმენდაში“ ისიც მოჰყვება. თანაც, მას საჯაროდ აკეთებენ და არც მალავენ.

რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებას, რუსი სამხედროების გააქტიურება ამ რეგიონშიც შეინიშნება, რაც ერთობლივი სცენარის არსებობაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს. ასე რომ, საფრთხე, როგორც ყოველთვის, ახლაც რეალურია. ჯერი საზოგადოების აქტივობაზეა.

გამოქვეყნდა გაზეთში "ქრონიკა+"

დატოვე კომენტარი