ვინ მისცა ცეცხლს მორდუს აკვანი? - აფხაზეთის მკვიდრის ლექსი მეგრულად(ვიდეო)

ლაშა ბერულავა 2017-11-30 17:26:37 ნახვები 2428

არაა აუცილებელი, გესმოდეს მეგრული... ამ ლექსის მოსმენა, უბრალოდ, შეგძრავს. შინაარსი, პირდაპირი თარგმანი ქართულად თან ახლავს.
ლექსი, რომელსაც უბრალოდ, გულგრილად ვერ მოუსმენ და რომელიც 300 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქის ტკივილს ასახავს. 

"ჩემი ძველი სახლი - ფუძემორღვეული,
ეულად დგას, მიტოვებული,
სარეველა ყელს ეტმასნება დასახრჩობად,
მითხარით, ვინ არის მშველელი...
ჩემი ნაშრომ-ნაჯაფი უპატრონოდაა დარჩენილი,
სახლ-კარი და ეზო ბალახმა დაფარა - ესაა სამართალი?

უპატრონობით გავერანდა ვენახი,
დასკდა ქვევრები,
ასე მწარედ ვინ დაგვწყევლა, გამზრდელის აკვანი დაიწვა ცეცხლში...

ორასი წლის, ძველ ფუძე...
დავიჩოქე და ისე ვესაუბრები ღმერთს:
ჩემი ოფლით დანამული მიწა ვინ არარაობებს ჩაუგდე ხელში...

სისხლი გაშრა, გამიწყალდა, ვიცქირები ენგურს გაღმა,
ჩემი სული იქ ბუდობს და ძვალი და ტყავი კი აგერ, აქ დგას...
თვალცრემლიანია ჩემი ოჯახი, ჩემი ცრემლებიც ზღვას ერთვის,
დავიჯერო, აღარ ეწვევა სტუმარი ჩემს ფაცხას?

ჩემს შვილიშვილებს დანატრული, მოხუცი დავრჩი,
ნეტავ, მოვმკვდარიყავ სიბერეში, რად არ ამომძვრა სული...
დღედაღამ იმაზე ვლოცულობ დაჩოქილი,
რომ ღმერთმა ჩემი შვილების იქ დაბრუნებას მომასწროს.

სადაურები სად ვკვდებით, გვძლია გულისტკივილმა,
მოხუცი, ნატანჯი ხალხი გვადნება ხელში...

სიბერეში მინდა, ვიყო ამქვეყნად,
ბევრი არასდროს მითხოვია ღმერთო, შენთვის:
ჩემი შვილიშვილები მაღირსე, ბაბუსთან, სახლში მოსული...

იმედს ნუ მოგვიშლი სახლკარგადამწვარ ხალხს - ყველა დააბრუნე სახლებში.

ჩვენო ოდიშელო ძმებო, თქვენთან ვალში ვართ,
ყოფილა ისეც, რომ თქვენი შვილებისთვის გადანახული სადილი
ჩვენი შვილიშვილებისთვის მიგიწოდებიათ,
ჩვენი გაყინული გული კი ბუხრებთან გაგითბიათ,
შეღამებულზე, სევდიანად აგვიჟღერებია ჩონგური.

სამურზაყანოდან ვიყავით, ვართ და ვიქნებით,
ამას ვერაფერი შეცვლის,
ჩვენს გამზრდელ აფხაზეთს
არაფერზე გავცვლით.

მეგრული ლექსის ავტორი რომეო კუკავა

დატოვე კომენტარი