ავტომობილზე წარწერით SOKHUMI-GEORGIA მოასპარეზე დავით კვარცხელია ევროპის ჩემპიონი გახდა

ლაშა ბერულავა 2017-12-01 02:33:43 ნახვები 5426

სპორტულ კლუბ „სტაიკოვ რეისინგ ჯორჯიას“ სახელით მოასპარეზე დავით კვარცხელია და პლამენ სტაიკოვი პორტუგალიაში რალის ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაიმარჯვეს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ. მათ ჩემპიონის თასი თბილისში 30 ნოემბერს ჩაიტანეს. 

დავით კვარაცხელიამ და პლამენ სტაიკოვმა ევროპის ჩემპიონის ტიტული ERT -2 კლასში მოიპოვეს, დაამარცხეს რა საგრძნობი უპირატესობით მე-2 და მე-3 ადგილზე გასული ეკიპაჟები.

ევროპის რალი ტროფიზე მონაწილეობას იღებდნენ იტალიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის, სერბეთის, ფინეთის, ბალტიისპირეთის, გერმანიის, დანიის, ჰოლანდიის, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, ჩეხეთის, ავსტრიის, პორტუგალიისა და ესპანეთის უძლიერესი სპორტსმენები.

ევროპის რალი ტროფის შესარჩევი ეტაპი 7 ზონად იყო დაყოფილი, კლასების მიხედვით შვიდივე ზონაში გამარჯვებულმა პირველმა ხუთეულმა პორტუგალიაში, ფინალურ შეჯიბრში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

ფინალური რბოლა პორტუგალიის ურთულეს ტრასაზე გაიმართა, რომელიც „რალი კაზინოს დო ალგარვეს“ სახელითაა ცნობილი და მისი სიგრძე 156 კილომეტრს შეადგენს. შეჯიბრზე, 4 სხვადასხვა კლასში 37 სპორტული ავტომობილი მონაწილეობდა.

დავით კვარაცხელიამ ეს გამარჯვებაც სოხუმსა და სოხუმელებს მიუძღვნა. 

ზუგდიდში დაბადებული დავით კვარაცხელია, რომელიც 18 წლის ასაკიდან სოხუმში ცხოვრობდა და მუშაობდა, ასევე სამაჩაბლოსა და აფხაზეთში მიმდინარე ომების ვეტერანია. ის 57 წლისაა და ვარნაში ცხოვრობს. პირველად რალიში მონაწილეობა 2013 წელს მიიღო. მის ტიტულებს შორის უკვე არის ბულგარეთის აბსოლუტური ჩემპიონი და ბალკანეთის ნახევარკუნძულის ვიცე-ჩემპიონი.

მის მანქანაზე "სოხუმი საქართველო" და მეგრული ფრაზა: "აბა, ულა! აბა, რულა!" აწერია. "აბა ულა"("აბა, წავედით") ცნობილი მეგრული ხალხური სიმღერაა, რომელსაც ლხინში, სუფრის დასრულებისას მაშინ მღერიან, როცა დაშლას აპირებენ.

თანამედროვე სიტუაციაში "აბა, ულა!" აფხაზეთში დაბრუნებას უკავშირდება. ეს ფრაგმენტი საქართველოს პოლიციის ჰიმნშიცაა გამოყენებული. დავით კავარცხელიას აქვს პლაკატი ინგლისური წარწერით "სოხუმი საქართველო" და ყველა საერთაშორისო შეჯიბრებაზე სწორედ ამ პლაკატით ჩნდება.

მისი დიდი მონდომებით, ბულგარეთის ერთერთ საფრენბურთო გუნდს მაისურზე სწორედ საქართველოს ერთიანობის აღმნიშვნელი ეს სიმბოლური წარწერა აქვს.

დატოვე კომენტარი