უარყოფილი, ჩაშლილი და გადადებული სამშვიდობო ინიციატივები აფხაზეთის კონფლიქტის დასარეგულირებლად

ლაშა ბერულავა 2017-12-02 00:52:17 ნახვები 2513

პირველი საუბარი აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე და ძალთა დაშორიშორებაზე კონფლიქტის დაწყებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში დაიწყო.

1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის გაზაფხულამდე დაპირისპირებულმა მხარეებმა დიდი მსხვერპლი გაიღეს ადამიანური რესურსისა თუ სამხედრო ტექნიკის სახით, იყო გარდამავალი უპირატესობით გამორჩეული ეპიზოდები, რასაც დასახლებული პუნქტების აღება მოსდევდა და იყო რევანშზე ფიქრი, თუმცა, მთელი ამ ხნის განმავლობაში არც საქართველოს ხელისუფლების, არც მაშინდელი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერებს თავი დიდად არ შეუწუხებიათ სამშვიდობო წინადადებებზე ფიქრით, მეტიც:

სხვადასხვა, ძირითადად, რუსული მედიასაშუალებების მეშვეობით აფხაზური მხარე, ხოლო ქართული მედიით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები აგრესიულ, ცინიკურ, მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებდნენ, რაც, ცხადია, ხელს არ უწყობდა სიტუაციის განმუხტვას.

პირველი სამშვიდობო შეთანხმება: 1993 წლის გაზაფხული-ზაფხული

1993 წლის 22 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო მიმართვა აფხაზი ხალხისადმი, სადაც აღნიშნული იყო, რომ სისხლისმღვრელი დაპირისპირება ორ მოძმე ხალხს შორის უნდა შეწყდეს, ხოლო მხარეები უნდა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და დაიწყონ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა.
აფხაზური მხარე ამ მიმართვას, პრინციპში, დადებითად შეხვდა: აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპასუხო მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ საომარი მოქმედებების დაწყებიდან 8 თვის თავზე, როგორც იქნა, საქართველოს პარლამენტმა საყოველთაო მობილიზაციის შესახებ კი არა, ომის შეწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება.

პარალელური დეტალები და ჯაბა იოსელიანის ექსცენტრიკა

თითქოსდა ყველაფერი მომწიფდა იმისთვის, რომ სამშვიდობო შთანხმება დადებულიყო, მაგრამ ისე არ მოხდა, როგორც იგეგმებოდა: საქმე ის გახლავთ, რომ მანამდე, 1993 წლის 4-6 აპრილს სოჭში გაიმართა ქართულ-რუსული მოლაპარაკება საქართველოდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ. შეხვედრებში რუსული მხრიდან თავდაცვის მინისტრი პავლე გრაჩოვი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბორის პასტუხოვი მონაწილეობდნენ, ქართული მხრიდან კი პრემიერი თენგიზ სიგუა, თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი და სახელმწიფო საბჭოს წევრი ჯაბა იოსლიანი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ჯარის ნაწილები საქართველოდან 1995 წლამდე გავიდოდნენ, მაგრამ ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს აფხაზეთში დისლოცირებულ დანაყოფებთან დაკავშირებით - მათ შორის, ვერც ბომბორაში განთავსებულ რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ნაწილსა და ეშერის სისტემურ ლაბორატორიაზე.

რუსული მედია მაშინ ირონიულად იხსენიებდა ჯაბა იოსელიანის პოზიციას მოლაპარაკებაზე, რომლსაც რუსული მხარე არწმუნებდა, რომ ეშერის ლაბორატორიის სხვაგან გადატანა ასე მოკლე ვადებში შეუძლებელია, ხოლო ბოლოს იოსელიანი აყვირდა: „ბოლოს და ბოლოს, ააფეთქეთ ეგ ლაბორატორია და ეგ იქნება!“.

პირველი სამშვიდობო შეთანხმების უცნაური დეტალები

1993 წლის მაისში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი გადადგა და ის გია ყარყარაშვილმა ჩაანაცვლა. 14 მაისს ედუარდ შევარდნაძე მოსკოვში ბორის ელცინს შეხვდა. შეხვედრაზე ისინი შეთანხმდნენ და გააფორმეს შეთანხმება აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ეს შეთანხმება ერთბაშად იყო საკმაოდ უცნაურიც და ლოგიკურიც: უცნაურობა იმაში გამოიხატა, რომ მასში აფხაზური მხარე საერთოდ არ მონაწილეობდა - ვლადისლავ არძინბამ, როგორც აფხაზური მხარე აცხადებდა, კეთილი ნება გამოხატა, მიუერთდა შეთანხმებას და გამოსცა ბრძანება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

რაც შეეხება ლოგიკურობას, შეთანხმება ლოგიკური აღმოჩნდა მათთვის, ვინც მაშინაც მიიჩნევდა და დღემდე მიიჩნევს, რომ არავითარი ქართულ-აფხაზური კონფლიქტი არ არსებობდა და ეს იყო რუსული მხარის მიერ ინსპირირებული დაპირისპირება. ამ ვერსიის მომხრეთა პოზიციის თანახმად, სწორედ რუსეთი აწვდიდა შეიარაღებას ხან ერთ, ხან მეორე მხარეს ისე, რომ რომელიმეს უპირატესობა არ გამოკვეთილიყო და კონფლიქტი დიდხანს გაგრძელებულიყო.

რასაკვირველია, მათთვის, ვინც ასე მიიჩნევდა, ლოგიკური აღმოჩნდა პირდაპირი შეთანხმება ქართულ და რუსულ მხარეებს შორის და ბევრმა ეს ედუარდ შევარდნაძეს დიპლომატიურ მიღწევადაც ჩაუთვალა.

რუსეთის პრეზიდენტმა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში პირად წარმომადგენლად ბორის პასტუხოვი დანიშნა. 21 მაისს ის და გაეროს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი ედუარდ ბრუნერი გუდაუთაში ჩავიდნენ, სადაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება იმ დროისთვის იმყოფებოდა. ბრუნერმა დაპირისპირებულ მხარეებს გაეროს ეგიდით შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა.

რატომ ჩაიშალა პირველი სამშვიდობო შეთანხმება

დღევანდლი გადასახედიდან ცალსახად ჩანს, რომ პირველი, ისევე როგორც თითქმის ყველა შემდგომი სამშვიდობო შეთანხმება ჩაიშალა. ამის მიზეზი აფხაზური მხარის მოთხოვნა იყო, რომელსაც ულტიმატუმის ფორმა ჰქონდა: ისინი აუცილებელი ქმედების სახით აფხაზეთიდან ქართული შენაერთების გაყვანას, სოხუმში მოქმედი ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლებო სტრუქტურების გაუქმებას და „აფხაზეთისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას“ ითხოვდნენ, რაზეც, ცხადია, ქართული მხარე არ მიდიოდა.

1993 წლის მაისში, რუსეთის ტელვიზიით გასულ გადაცემაში „მომენტ ისტინი“ („ჭეშმარიტების მომენტი“), ანდრეი კარაულოვთან ინტერვიუში, შეკითხვაზე, როდის დამთავრდება ეს ომი, ვლადისლავ არძინბამ ასე უპასუხა:

„ჩვენ მომზადებული გვქონდა და საგანგებო დავალებათა ელჩს, ბატონ ბრუნერს გადავეცით კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ მომზადებული დოკუმენტი, სადაც არის მოთხოვნები აფხაზეთიდან ჯარისა და შეიარაღებული ფორმირებების გაყვანის, კანონიერი ხელისუფლების ორგანოების ამოქმედების, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებისთვის პირობების შექმნისა და, ცხადია, იმ ზარალის ანაზღაურების შესახებ, რაც აფხაზეთს მიადგა საქართველოს მხრიდან აგრესიის შედგად“.

მაისში გუდაუთაში ჩავიდა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელი ანდრი კოზირევი, რომელმაც აფხაზურ მხარეს კონფლიქტის მოგვარების ეტაპობრივი გეგმა წარუდგინა: თავდაპირველად ცეცხლის შეწყვეტა, შემდგ დემილიტარიზაცია და შემდგ ყველა სხვა სადაო საკითხის მოგვარება, რაც აფხაზური მხარისთვის მიუღებელი აღმოჩნდა: არძინბა შიშობდა, რომ ეს იყო ხაფანგი, რომელიც მიზნად ისახავდა „სოხუმში 1992 წელს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შედეგების დაკანონებას“ და მისი ხელისუფლების დარჩენას გუდაუთაში, ანუ, აფხაზეთის ფაქტობრივ დაშლას.

ასე რომ, მყიფე სამშვიდობო შეთანხმებამ ვერ იმუშავა. აფხაზურმა მხარემ მასობრივი შეტევები განაახლა და 1993 წლის 2 ივლისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში დსანტი გადასხა. გაგრძელდა შეტევები შრომა-კამანის მიმართულებითაც. კონფლიქტი ისევ სისხლისმღვრელ ფაზაში გადავიდა.

მეორე სამშვიდობო შეთანხმება, დემილიტარიზაცია და ძალთა დაშორიშორება

1993 წლის გაზაფხულზე განახლებული საომარი მოქმედებების პარალელურად, რუსული მხარე დაჟინებით ცდილობდა, ქართული და აფხაზური მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე დაეყოლიებინა. სოჭში სამმხრივი მოლაპარაკებების რაუნდები დაიწყო, რომელსაც რუსული მხრიდან ბორის პასტუხოვი, ქართული მხრიდან კი ალექსანდრე კავსაძე წარმართავდნენ. პარალელურად, დასავლეთ საქართვლოში შევარდნაძის ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას ერთგული ეროვნული გვარდიის ნაწილებს ებრძოდა.

27 ივლისს სოჭში ხელი მოეწერა შეთანხმებას აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტისა და მასზე კონტროლის მექანიზმების შესახებ, სადაც აღნიშნული იყო, რომ 5 აგვისტომდე გაეროს წარმომადგენლებთან ერთად, ქართული და აფხაზური მხარეების მონაწილობით უნდა შექმნილიყო კომისია, ცეცხლის შეწყვეტიდან 10-15 დღის განმავლობაში აფხაზეთიდან უნდა გასულიყო საქართველოს შეიარაღებული ძალები, უნდა გატანათ არტილერია და მძიმე ტექნიკა, აფხაზური შენაერთები უნდა ფორმირებულიყო შინაგან ჯარში, ხოლო ქართულ მხარეს ეძლოდა უფლება, ადგილობრივი მცხოვერბლებისგან შინაგანი ჯარის ნაწილი შეექმნა და ისევე, როგორც აფხაზური შინაგანი ჯარის ნაწილები, ყაზარმულ მდგომარეობაზე გადაეყვანა.

შეთანხმებას აფხაზური მხრიდან ხელი მოაწერა სოკრატ ჯინჯოლიამ, ქართული მხრიდან კი ვახტანგ გოგუაძემ. ამ შეთანხმებას მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში.

უკმაყოფილო იყო აფხაზური მხარეც. მაგალითად, გუდაუთაში მყოფი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მიიჩნევდნენ, რომ ეს იყო აფხაზური მხარის „გამარჯვება ქულებით და არა წმინდა მოგებით“.

მათი აზრით, რადგან ქართული მხარე ამ შეთანხმებაზე სოხუმის დაკარგვის შიშით წავიდა, საჭირო იყო შეტევაზე გადასვლა და აფხაზეთის გათავისუფლება ენგურის ხიდამდე, ანუ, გალის რაიონის ჩათვლით.

ქართულმა მხარემ შთანხმების შესრულება დაიწყო: ცეცხლი შეწყდა, სოხუმიდან და ოჩამჩირიდან გაიტანეს არტილერია, მძიმე ტქნიკა, გაიყვანეს შიარაღებული ფორმირებები. მეტიც, ედუარდ შვარდნაძემ მოსახლობას სოხუმსა და აფხაზეთში დაბრუნებისკენ მოუწოდა და 1993 წლის 1 სექტემბერი კონფლიქტის ზონაში სასწავლო წლის დასაწყისადაც გამოაცხადა.

შესაძლოა, შევარდნაძე იმედოვნებდა, რომ მოსახლობის მასობრივი დაბრუნება საომარი მოქმედებების განახლებას, აფხაზური მხარის მხრიდან სოხუმზე მოსალოდელი შეტევის პრევენცია იქნებოდა, მაგრამ ის მწარედ შეცდა: ქართული მხარე თავად აღმოჩნდა გაბმული იმ ხაფანგში, რომელზეც თავის დროზე, გუდაუთაში არძინბამ უარი განაცხადა, კოზირევის შეთავაზების შემდეგ: 1993 წლის აგვისტოში ვლადისლავ არძინბა ბორის ელცინს შეხვდა და ქართული მხარე სოჭის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა, თუმცა 1993 წლის 15 სექტემბერს თავად აფხაზურმა მხარემ სოხუმის მიმართულებით სხვადასხვა მხრიდან მასობრივი შეტევა დაიწყო, რაც 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის აღებით დასრულდა.

სამშვიდობო შეთანხმება პოსტფაქტუმ: 1994 წლის მაისი

1994 წლის მაისში, როცა ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის კიდვ ერთი შეთანხმება ისევ მოსკოვში შედგა, შეთანხმების დეტალებს უკვე გამარჯვებული, აფხაზური მხარე განსაზღვრავდა. შეთანხმების შუამავალი, რასაკვირველია, ისევ რუსეთი იყო. 1994 წლის 23 ივნისიდან კონფლიქტის ზონაში კოლექტიური სამშვიდობო ძალები შევიდნენ.

შეიქმნა 12 კილომეტრიანი, ე.წ. უსაფრთხოების ზონა, რომლიც ორივე მხარეს ენგურიდან აითვალა. ბუფერულ ზონაში მძიმე ტექნიკისა და არტილერიის ქონა შეთანხმებით აიკრძალა. სხვათა შორის, ეს შეთანხმება ახლაც ძალაშია, იმის მიუხედავად, რომ სამშვიდობო ძალები აფხაზეთში არ დგანან: მაგალითად, სწორედ ამ შეთანხმების გამო, წინა ხელისუფლბამ სამხედრო ბაზა არა ზუგდიდში, არამდ 45 კმ-ის დაშორებით, სენაკში განათავსა...

მოლაპარაკების რამდენიმე მცდელობა ომის შემდეგ

მას შემდეგ, რაც აფხაზეთში საომარი მოქმედებები დასრულდა, ხოლო დე ფაქტო საზღვარი ენგურის ხიდთან გაივლო, ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის სამშვიდობო გეგმის შემუშავების რამდენიმე მცდელობა იყო, თუმცა, ისინი უშედეგოდ დასრულდა.

მაგალითად, ვლადისლავ არძინბა, საქართველოს ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში, როცა ამგვარ მცდლობებზე აკეთებდა აქცენტს, აღნიშნავდა:

„როცა 1997 წლის 12 ივნისს მოსკოვში, ქართულ დელგაციასთან ერთად ვისხედით, ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ და ამ შეთანხმებისას ბევრი რამ დავთმეთ. მაგალითად, უკან დავიხიეთ და ვთავაზობდით ჯერ მოკავშირე ქვეყნების სტატუსზე მუშაობას, მერე კი მოდელს საერთო სახელმწიფოს ფარგლებშიც კი... მაგრამ ქართული მხარე წამდაუწუმ ცვლიდა შეთანხმების ტექსტს და საბოლოოდ, ეს შეთანხმება ჩაიშალა. ამის შემდეგ ჩვენ არ ვლაპარაკობთ არც მოკავშირეობაზე, არც საერთო სახელმწიფოზე, არამედ მხოლოდდამხოლოდ დამოუკიდებელ აფხაზეთზე“.

ხანგრძლივი სტაგნაცია სამშვიდობო ინიციატივების სფეროში

კონფლიქტის შეწყვეტიდან და ზონაში სამშვიდობო ძალების განთავსების პერიოდიდან 2000-იანი წლების დასაწყისამდე ფართომასშტაბიანი სამშვიდობო გეგმა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებისთვის, ფაქტობრივად, არ არსებობს. კონფლიქტი გაიყინა და დაკონსერვებულ ფაზაში გადავიდა, მცირე გამონაკლისების გარდა.

არსებობდა ადგილობრივი ინიციატივები ორ მხარეს შორის, მაგალითად, ოთხმხრივი შეხვედრები გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების სახელმწიფო კომისიებს შორის კავშირები, რომლებმაც საკმაოდ დადებითი შედეგები მოიტანა ორივე მხარისთვის: დაკარგულად მიჩნეულ მებრძოლთა ცხედრები როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან გადაასვენეს და დაკრძალეს. სწორედ ამ პროცესის შედეგი იყო ამ ცოტა ხნის წინ თბილისში იმ მებრძოლთა ნეშტების ჩამოსვენება, რომლებიც 1993 წელს ბაბუშარასთან ჩამოგდებულ ლაინერში ისხდნენ და აფეთქების დროს დაიღუპნენ.

ორივე მხარის მზადყოფნა სამშვიდობო შეთანხმებებისსთვის და აფხაზური მხარის მირ წარმოდგენილი სამშვიდობო ინიციატივა

2005 წლის წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც ავალებდა საქართველოს მთავრობას აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმა 2006 წლის 1 მაისისთვის მოემზადებინა, თუმცა, გეგმა დადგენილ დროში არ წარუდგენიათ.

მანამდე კი, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა 2006 წლის 6 მაისს აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის მიერ წარდგენილი "ქართულ–აფხაზური კონფლიქტის სრულმასშტაბიანი დარეგულირების შესახებ“ დოკუმენტი განიხილა.

საინფორმაციო სააგენტო "აფსნიპრესის“ ცნობით, დოკუმენტი შეიცავდა მოთხოვნას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე.
დოკუმენტი ასევე შეიცავდა ქართული მხარისადმი შემდეგ მოთხოვნებს:

• ხელახლა შეაფასოს თავისი წარსულის შეცდომები და ბოდიში მოუხადოს აფხაზ ხალხს ასიმილაციის, ომის და იზოლაციის სახელმწიფო პოლიტიკის გამო;
• უარი თქვას აფხაზეთზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის პოლიტიკაზე;
• უარი თქვას აფხაზეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და საინფორმაციო ბლოკადის პოლიტიკაზე;
• ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას მიწაზე, ზღვასა და ჰაერში;

სამშვიდობო გეგმა ასევე მოიცავს პუნქტს გალის რაიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების თაობაზე, იტყობინებოდა "აფსნიპრესი“.

პრეზიდენტ სააკაშვილის გეგმა-შეთავაზება აფხაზურ მხარეს

2008 წლის მარტში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წარმოადგინა სამშვიდობო გეგმა აფხაზეთთან მიმართებაში. საქართველოს მთავრობას დაევალა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებისთვის საჭირო ღონისძიებების ყოვლისმომცველი პაკეტის წარმოდგენა.

სააკაშვილის მიერ მომზადებული სამშვიდობო გეგმა ”შეუზღუდავ, ფართო ავტონომიას” სთავაზობდა აფხაზეთს, ასევე ერთობლივი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას ოჩამჩირისა და გალის რაიონებში, აფხაზეთის წარმომადგენლობას ცენტრალურ ხელისუფლებაში და აფხაზი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს აფხაზეთთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების უფლებით.

ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაწყბული მუშაობა ჯერ 2008 წლის რუსთ-საქართველოს ომმა, შმდგ კი რუსთის მიერ აფხაზთის დამოუკიდბლ სახელმწიფოდ აღიარბამ შაჩერა.

აფხაზური მხარის დამოკიდებულება „სააკაშვილის გეგმისადმი“

აფხაზური მხარე დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრია მიხეილ სააკაშვილის სამშვიდობო ინიციატივებს. მაგალითად, იმ პერიოდში და მერეც აფხაზი პოლიტიკოსები და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგნლები ნეგატიურ განწყობას არ მალავდნენ, მიიჩნევდნენ რა, რომ არავითარი შეუზღუდავი ავტონომია მათ არ სჭირდებათ და აფხაზეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა უნდა აეწყოს და განვითარდეს მხოლოდ როგორც ორ თანასწორუფლებიან სახელმწიფოს შორის.

აფხაზური მხარის ხელისუფლების ვერტიკალის წარმომადგენლები, მაგალითად, სერგეი ბაღაფში და ალექსანდრე ანქვაბი დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით აცხადებდნენ, რომ დევნილები უკვე დაბრუნდნენ და ცხოვრობენ გალის რაიონში, ხოლო რაც შეეხება მათ დაბრუნებას აფხაზეთის სხვა ქალაქებში, ეს გამორიცხულია. აფხაზური მხარის გაღიზიანებას იწვევდა ისიც, რომ საერთაშორისო საზოგადოება, საერთო ჯამში, მოწონებით შეხვდა ქართულ სამშვიდობო გეგმას.

სააკაშვილის შეთავაზებული სამშვიდობო ინიციატივის მემკვიდრეობის შესახებ ახლანდელი ხელისუფლების პოზიცია ცნობილი არ არის - ამის შესახებ მათთვის ჟურნალისტებს არასდროს გვიკითხავს, თვითონ კი არაფერი განუცხადებიათ.

დატოვე კომენტარი