2012 წლის 29 თებერვალს, ერთი დღის თავზე მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში ყოვეწლიური საანგარიშო მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს გააუქმებს, რათა „უფრო დიდი შანსი მივცეთ მშვიდობას“, პრეზიდენტის ბრძანებულება ნომერი 149 „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა და მის საფუძველზე რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და 90 დღის განმავლობაში აქ დარჩენის საშუალება მიეცათ.
ამ გადაწყვეტილებას თავიდანვე ჰყავდა კრიტიკოსებიც და მომწონებლებიც. ორივე მხარეს საკუთარი არგუმენტები ჰქონდა.
„ჩვენ მჭიდრო კავშირს ვკრავთ დასავლეთთან, მაგრამ ამავე დროს ვართ დაინტერესტებული რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში“, – განაცხადა სააკაშვილმა 28 თებერვალს პარლამენტში გამოსვლისას.
„ჩვენ ვიცით, რომ ეს მარტივი არ არის, მაგრამ რუსეთი არის და ყოველთვის იქნება საქართველოს მეზობელი, რაც განაპირობებს ჩვენს წადილს დავამყაროთ მასთან მშვიდობა, ოღონდ ეს შეიძლება იყოს მშვიდობა რუსეთთან, რომელიც აღიარებს და ემორჩილება სუვერენულ სახელმწიფოებს შორის ყველა საერთაშორისო სამართლებრივ ნორმას“, - განაცხადა მაშინ მიხეილ სააკაშვილმა.
„დაე, ყველა რუსმა ბიზნესმენმა იცოდეს, რომ შეუძლიათ საქართველოში ჩამოსვლა, ფულის ჩადება, ფულის გატანა, შემოტანა, ბიზნესის კეთება, წარმოების აწყობა, ხალხის დასაქმება და ის იქნება ისევე დაცული და შეეძლება თავისუფლად გადაადგილება, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყნის წარმომადგენელს... იცოდნენ რუსმა ტურისტებმა, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩამოვიდნენ საქართველოში“, - დასძინა მან.
ცალმხრივი სავიზო რეჟიმის დაწესებიდან უკვე ხუთი წელი გავიდა საპასუხო ნაბიჯის გადადგმაზე რუსეთი მხოლოდ ახლა ალაპარაკდა. მანამდე კი იყო და არის რუსი ტურისტების მოზღვავება, რისგანაც ბიუჯეტი და საქართველოს მოქალაქეები კი ხეირობენ, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ არცერთი ქვეყნის ტურისტები არ იქცევიან ისე გამომწვევად და ხაზგასმული აგრესიით, როგორც უმეტეს შემთხვევაში, ამას რუსი ტურისტები აკეთებენ.
სამწუხარო ისაა, რომ სავალდებულო არ გახდა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ერთხელ ხუმრობით წამოყენებული ინიციატივა: ყველა რუს ტურისტს, რომელიც ამბობს, რომ საქართველო უყვარს, ამიერკავკასიის რუკა უნდა აჩვენო და სთხოვო, იქ საქართველო შემოგიხაზოსო.
„ინიციატივის“ დედააზრი, რასაკვირველია, იმის დაკვირვება იყო, აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან ერთად შემოხაზავდა რუსი ტურისტი ქვეყანას, თუ მათ გარეშე...
რუკაზე შემოხაზვას ვინ ჩივის, რუსი ტურისტები ხშირად იმ ტურისტული კომპანიების მანქანებით მომსახურებაზეც ამბობენ უარს, რომლებზეც რუსულ ენაზე გაკეთებულ შემოთავაზებასთან ერთად „Туры по Грузии“ ერთიანი საქართველოს რუკაცაა დატანილი.
ერთი ამგვარი შემთხვევის შესახებ „ქრონიკა პლუსისთვის“ გახდა ცნობილი, როცა ტურისტული კომპანიის მენეჯერმა მიმართა და უთხრა, რომ რუსი ტურისტების მხრიდან მათი კომპანიისთვის მომსახურებაზე უარის თქმის მიზეზი სწორედ მანქანის უკანა საქარე მინაზე დატანილი დროშა გახდა:
„წყვილმა მოსკოვის ოლქიდან ინტერნეტით შეგვიკვეთა სასტუმრო და მანქანა, ტურისთვის. ყველაფერი გავამზადეთ და როცა ჩამოვიდნენ, ძალიან კმაყოფილიც იყვნენ, სანამ მანქანა არ ნახეს. მანქანით მგზავრობაზე უარი განაცხადეს. მიზეზი პირდაპირ არ უთქვამთ, მაგრამ ძნელი გამოსაცნობი არ იყო, რადგან ისეთი მანქანა მოითხოვეს, რომელზეც ქვეყნის კონტურები არ იქნებოდა.
რა უნდა მექნა, მოვუყვანე სხვა მანქანა. თავდაპირველად ვერც მივხვდი უარის მიზეზს, მაგრამ შემდეგ უკვე ჩემმა მეგობარმა, რომელსაც ასევე ტურისტული კომპანია აქვს, მითხრა, რომ მასაც იგივე მიზეზით უთხრეს უარი მანქანაზე, ვიფიქრეთ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო მიზეზი და დავასკვენით, რომ ერთადერთი მიზეზი ისაა, რის გაცხადებასაც უფრთხიან - რუსეთის მიერ ცალკე სახელმწიფოებად აღიარებული რეგიონები ჩვენს რუკაზე საქართველოს შემადგენლობაშია, მათ კი მოგზაურობა უწევთ, ამ მანქანის ხედით უკან, შესაძლოა, ფოტოც გადაიღონ და მერე უფრთხიან, რომ ვინმემ არ გააკრიტიკოს ამ რუკის გამო...
თუმცა, საბედნიეროდ, ასეთი კაპრიზები ნაკლებადაა, უფრო მეტად რუკას არ აქცევენ ყურადღებას და რომც მიაქციონ, რა, ჩემი ქვეყნის საზღვრებს მათ საამებლად ხომ ვერ შევცვლი, თუნდაც, ვირტუალურად?“, - უამბო „ქრონიკა პლუსს“ ტურისტული სააგენტოს მფლობელმა, რომელსაც ოფისი ვერაზე აქვს.
რუსი ტურისტების თავგასულობა მხოლოდ ასეთი ამბებით არ შემოიფარგლება.
მათი ნაწილი პირდაპირ უსვამს ხაზს, რომ საქართველოს რუსეთის გუბერნიად აღიქვამს. ეს მეტროში და ხალხმრავალ ადგილებში, ზაფხულში კი სანაპიროებზე, ბათუმსა თუ ქობულეთში, „გეორგიევსკის ბაფთებითა“ და რუსეთის სახელმწიფო გერბიანი მაისურებით, ასევე წარწერებით „RUSSIA” და “CCCP” სიარულშიც გამოიხატება.
კანონით, უცხოელ ტურისტს ვერ აუკრძალავ თავის ქვეყნის ეროვნული სიმბოლიკით სიარულს, მაგრამ უფრო შეგნებულები თავს არიდებენ მსგავს ხაზგასმას იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი აქვს ოკუპირებული, ხოლო მათივე საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოში გამგზავრების მსურველ ტურისტებს პირდაპირ რეკომენდაციას აძლევს, რომ თბილისში და სხვა ქალაქებში, მათ შორის, რეგიონებშიც, მოერიდონ „მკვეთრად გამოხატული რუსული სიმბოლოებით (მათ შორის სახელმწიფო) სიარულს, იმის გათვალისწინებით, რომ ამან, შესაძლოა, მოსახლეობის ცალკეული ჯგუფები გააღიზიანოს“.
თბილისში, ბათუმსა და ქობულეთში რუსი ტურისტების ასე მოქცევა რა გასაკვირია, მაშინ როცა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც კი, სადაც, ჯერჯერობით, ბატონ-პატრონად გრძნობენ თავს, ისინი მკვეთრ აგრესიას და სრულ უპატივცემულობას გამოხატავენ ადგილობრივი მოსახლეობისა და მათთვის ღირებული ტურისტული თუ ისტორიული ღირსშესანიშნაობების მიმართ. იმდენადაც კი, რომ, მაგალითად, რიწის ტბაში შარდვისა და ამის დამადასტურებელი სელფის გადაღებას და ატვირთვას არც ინსტაგრამზე და ტვიტერში ერიდებიან.
რიწა რიწად, მაგრამ რუსმა ტურისტებმა თავიანთი კვალი ხერთვისის ციხესიმაგრეზეც დატოვეს, თანაც, არც მეტი, არც ნაკლები, სალოცავის კედლებზე, ფრესკების გვერდით. ამ ადგილას, ტურისტები, სავარაუდოდ, მხოლოდ რუსეთიდან ჩამოსულები არ იქნებოდნენ, თანაც, ამ ადგილას წარწერის გაკეთებას, მინიმუმ, რამდენიმე წუთი და ხარაჩოსმაგვარი მოწყობილობა მაინც უნდა და საინტერესოა, რას აკეთებდნენ ამ სალოცავის სასულიერო პირები? ნუთუ მხოლოდ ისაა მთავარი, რომ ტაძარში თუ საყდარში ქალები თავსაბურავის გარეშე და შარვლებით არ შეუშვან?
ზემოთ განხილული მაგალითები რუსული ტურიზმის საფარქვეშ ჩადენილი შედარებით ნაკლებადმასშტაბურია იმასთან შედარებით, რა საფრთხესაც ტურისტული ლეგენდებით საქართველოში შემოსული რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელთა საქმიანობა შეიცავს.
ფაქტი ისაა, რომ საქართველო ყოველთვის იყო რუსეთის სპეცსამსახურების სამიზნე, მაგრამ თუ მანამდე ეს შეფარვით ხდებოდა, ახლა სიფრთხილის ელემენტარულ ნორმებსაც არად დაგიდევენ და ან ღიად მოქმედებენ, ან უბრალოდ, ხალისობენ და ტროლაობენ, რაც ორივე შემთხვევაში, დასაფიქრებელი ამბავია.
ასე მაგალითად, ერთი თვის წინ მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ნათლად ჩანს თბილისში, მარი ბროსეს ქუჩაზე მდებარე Gallery hostel-თან მდგარი მსუბუქი ავტომანქანა “ტოიოტა”, რუსეთის სახელმწიფო ნომრით, რომელსაც რუსეთის სასაზღვრო ჯარისა და Вежливые люди-ს სტიკერები აქვს.
Вежливые люди (“თავაზიანი ადამიანები”, იგივე “მწვანე კაცუნები”) ევფინიზმია, რომელიც მედიაში 2014 წლიდან გამოიყენება, როცა უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო ფორმებში, მაგრამ ამოსაცნობი ნიშნების გარეშე გამოჩნდნენ და სტრატეგიული ობიექტების ბლოკირებას ახდენდნენ.
საზოგადოებას სრულიად სამართლიანად გაუჩნდა შეკითხვა, რას აკეთებენ საქართველოს სპეცსამსახურები, თუკი ამ მანქანის მფლობელი ან მგზავრები მართლაც იმ სტრუქტურებს წარმოადგენენ, რაზეც სტიკერები მიანიშნებენ და თუნდაც, ეს სტიკერები საზღვრის გადმოკვეთის მერე იყოს დაკრული და სულაც, ბოროტი ხუმრობა გახლდეთ, ფაქტს რეაგირება მაინც სჭირდება და ეს სწორედ სპეცსამსახურების პრეროგატივაა.