ქართველი დიზაინერი, რომლის ბრენდთანაც ალ პაჩინოს და საქართველოს რუკას პირდაპირი კავშირი აქვთ

ნინო ტაბაღუა 2017-12-04 05:10:20 ნახვები 1988

24 წლის ქართველი ხელოვანის ბიზნესი ქვეყნის ფარგლებს გასცდა, ოკეანე გადალახა და დღეს ამერიკაშიც კი იპოვით. მასზე საუბრობენ საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, მოლდოვაში, ბელორუსში, ყაზახეთშიც კი, რომ არაფერი ვთქვათ უკრაინაზე, სადაც მისი ქართული ბრენდი „Fredo“ ძალიან უყვართ.

განსაკუთრებულად გამორჩეული და ლამაზი ნამუშევრების უკან კი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მაგიტრატურის სტუდენტი სოფი უზნაძე დგას, რომელიც ხელოვნების მენეჯმენტის შემდეგ ფსიქოლოგიას ეუფლება, პარალელურად ნამუშევრებს ქმნის და საქართველოს ყოველწამს უწევს პოპულარიზებას მსოფლიო მასშტაბით. 

მისი ბრენდის განსაკუთრებული და ყველაზე ობიექტური კრიტიკოსი კი დედამისია, რომელიც სტატიის გმირისთვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს. სოფი  ყველაზე მეტად ერთგულებას აფასებს, ტყუილი აღიზიანებს და  სჯერა, რომ ყოველი ადამიანი გარკვეული მისიით იბადება.  ამბობს, რომ თუ მისი მისიაა უყვარდეთ და თავადაც გასცეს სიყვარული, მაშინ ამ მოვალეობას პირნათლად ასრულებს.  

ყოველი  ახალი დღე  მზეს, სითბოს, ენერგიას და სიყვარულს აძლევს.  ახალგაზრდა მრავალპროფილური დიზაინერი ჯერ კიდევ საკუთარი თავის ძიების პროცესშია, თუმცა მან უკვე იპოვნა ადამიანი, ვინც მისი ცხოვრების მეგზურია, ვისთან ერთადაც მთაში ხეტიალი ჩვენი გმირისთვის ნეტარებას წარმოადგენს.

კითხვაზე, თუ რისთვის არ ენანება დრო, პირდაპირ პასუხობს: „როგორც კოკო შანელმა თქვა, არის დრო საყვარელი საქმის კეთებისათვის და დრო საყვარელი ადამიანისათვის. ამ ორის გარდა აღარაფრისთვის რჩება დრო“- ჩემთანაც ასევეა სწორედ.“  

როგორც თავად ამბობს, ნამდვილი სოფი უზნაძე ჯიუტი, თავდაჯერებული ახალგაზრდაა, რომელიც ცდილობს მუდამ თავისუფალი იყოს. მისთვის საყვარელი გამონათქვამი კვლავ შანელის სიტყვებია - „იმისათვის, რომ იყო შეუცვლელი, იყავი ყოველთვის განსხვავებული“ - ამ დევიზით მოტივირებული ახალგაზრდაც ყოველთვის განსხვავებულია და სწორედ ამიტომაა მის ნამუშევრებზე ასეთი მოთხოვნა ბაზარზე.  

„ქრონიკა+“ ახალგაზრდა და წარმატებულ დიზაინერთან ინტერვიუს გთავაზობთ:

-რატომ დაინტერესდი იმ საქმით, რასაც ახლა აკეთებ? რამ გიბიძგა ჩანთების კეთებისკენ?

-ყველაფერი დაუგეგმავად დაიწყო. მეგობრებისგან გავიგე ხის ლაზერით დამუშავების ტექნიკის შესახებ. შემდეგ დავიწყე ჩემთვის სამკაულების დამზადება - ბეჭდების, საყურეების, ყელსაბამების. მიუხედავად იმისა, რომ „Fredo“ დღეს ჩანთებზეა ორიენტირებული, მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე პოპულარული ჩვენი ნაკეთობა ყელსაბამია - საქართველოს რუკა. ამ ყელსაბამმა დიდი პოპულარობა მოგვიტანა.

რამდენიმე დღის წინ ჩვენი მომხმარებლისგან მივიღეთ ასეთი შეტყობინება: „პარიზში მოგზაურობისას ჩვენი ყელსაბამით ქართველები მცნობდნენ. მაჩერებდნენ და მეკითხებოდნენ - ქართველი ხომ არ ხარო?“ ასეთი ეპიზოდები ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელია და სასიამოვნო. ჩვენი ეს ყელსაბამი(საქართველოს რუკა) ერთ-ერთმა პირველმა მოირგო თათია დოლიძემ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული ელჩი იყო გაეროში, იგი ეკეთა ყველა გამოსვლაზე, რითაც ხაზს უსვამდა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

-ბიზნესის წარმოების იდეა როდის გაგიჩნდა? 

-თავდაპირველად სამკაულებს ახლობლებისთვის ვამზადებდი, თან ვერთობოდი და თან ახლობლებს ვასაჩუქრებდი, თუმცა, შემდეგ უკვე გავაქტიურდით სოციალურ ქსელში და შევქმენით ჩვენი გვერდი. გვერდის შექმნის მიზანი ჯერ იყო მოთელვა, მაგრამ ამ მოთელვამ დაინტერესებული ადამიანები გამოავლინა. დავიწყეთ ჩანთებიც და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვყავს ერთგული გულშემატკივრებიც.

-რა სირთულეები შეგხვდა გზად ცხოვრებაში?

-რა თქმა უნდა, თავიდან, ჩვენ ნაკეთობებს ჰქონდა ნაკლოვანებებიც, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დღეს გვაქვს ამბიცია მაღალ ხარისხზე. ვცდილობთ ჩვენი მომხმარებლის ინტერესი სრულად გავიზიაროთ და დავაკმაყოფილოთ. სულ ვამბობ და თქვენთანაც გავიმეორებ - დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ პირველ მომხმარებლებს, რომლებმაც მცირე დეფექტების მიუხედავად ჩვენი პირველი პროდუქცია მაინც შეიძინეს. დღევანდელი გადასახედიდან შემიძლია გითხრათ, რომ თავიდან ასეთი სუფთა ნამუშევრები არ გვქონდა.

ეტაპობრივად დავხვეწეთ და დღეს არ მერიდება არც ბოდიშის მოხდა იმ პირველი მომხმარებლებისთვის... მათი დამსახურებაა, რომ დღეს „ფრედო“ შედგა და კიდევ განვითარებაზე ზრუნავს. ამიტომ, ჩემი უდიდესი მადლობა მათ, ვინც პირველებმა მოირგეს ჩვენი პროდუქცია.

-რას გრძნობ მაშინ, როდესაც შენი ნამუშევრები მომხმარებლის აღფრთოვანებას იწვევს?

ეს არის ყველაზე სასიამოვნო მოსასმენი და წასაკითხი და რაც მთავარია, ეს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვანიჭებს, რომ კიდევ უფრო მეტად ვიყოთ პროდუქციის ხარისხსა და მომხმარებლის ინტერესზე ორიენტირებულები.

-როდის და რა ვითარებაში დაიწყო შენმა ბრენდმა მსოფლიოს დაპყრობა?

-პირველი გამოხმაურება-დაინტერესება რუსეთში და უკრანაში მცხოვრები ქართველებისგან მივიღეთ. ძირითადად გვიკვეთავდნენ ჩანთებს ქართული წარწერებით, ქართული ანბანით.

დღეს კი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ჩანთები იყიდება მსოფლიოს რამდენიმე მეგაპოლისში; მათ შორის, ჩვენი ჩანთები უკვე გამოჩნდა ნიუ-იორკის ერთ-ერთ ხელნაკეთი ნამუშევრების მაღაზიაშიც.

გარდა ამისა, ჩანთებს გვიკვეთავენ ყაზახეთიდან, საფრანგეთიდან, მოლდოვადან, ბელორუსიდან, გერმანიიდან, ბრიტანეთიდან, იტალიიდან და ასე შემდეგ. დიდი დაინტერესებაა საქართველოში ჩამოსული უცხოელი ტურისტებისგანაც. 

-რატომ აირჩიე ბრენდის სახელად Fredo?

-სახელი „ფრედოც“ ისევე მოულოდნელად დაიბადა, როგორც იდეა. ჩვენი სახელი ჰოლივუდის ვარსკვლავს - ალ პაჩინოს უკავშირდება. მისი სრული სახელია ალფრედო პაჩინო და „ფრედო“ ჩვენ „ავითვისეთ“. მისი „ქალის სურნელით“ (ფილმი) შთაგონებულებმა შევქმენით ქალებისთვის სასურველი აქსესუარები. გამოდის, რომ ალ პაჩინოსთან შეუთანხმებლად დავირქვით მისი სახელი.

-ზოგადად რას აკეთებ ყველაზე დიდი სიამოვნებით?

-ჩანთების აწყობა არის ალბათ ყველაზე სასიამოვნო ეტაპი. ააწყობ და ხელში გაქვს ახალი ნაკეთობა. თითოეული ნამუშევარი ხომ მზრუნველობითა და დაკვირვებით იქმნება. ახალი წელი მოდის და ჩვენთან საახალწლო სამზადისია! ძალიან სასიამოვნოა საახალწლო ნაძვის ხის აქსესუარების მზადებაც.

-რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის შენს საქმეში?

-საქმეშიც და ზოგადად ცხოვრებაშიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა. არ ვიცი რამდენად კარგად გამომდის, მაგრამ ვცდილობ პასუხისმგებლობით მოვეკიდო ყველაფერს ოჯახშიც, საქმეშიც, ურთიერთობაშიც.

-დღეს რა პრობლემას ხედავ იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობ და ზოგადად საქართველოში?

-ვიდრე პრობლემის შესახებ მოგახსენებდეთ, გეტყოდით, რომ ძალიან მახარებს ის ფაქტი რომ საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა ხელნაკეთი ნამუშევრები. მაგრამ მგონია, რომ ჯერ კიდევ დაფასებული არ არის ეს საქმე და არ არის ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი: ზოგიერთი ხელნაკეთი ნამუშევარი რამდენიმე ასეული ლარი ღირს.

მე მესმის, რომ ყველა ავტორი საკუთარ ნამუშევარს იმ ფასად ყიდის, რაც უღირს, მაგრამ ხშირად ეს ფასი სახალხოდ მისაღები არ არის. „ფრედოში“ ვცდილობთ ჩვენი პროდუქცია მისაღებ ფასად შევთავაზოთ მომხმარებელს, რომ საზოგადოების ნებიმისერი ფენის წარმომადგენელმა შეძლოს მისთვის მოსაწონი/სასურველი ხელნაკეთი ნამუშევრის/აქსესუარის ყიდვა.

-ვინ გენატრება ყველაზე მეტად?

-ახლა, ამ წამს ძალიან მომენატრა ჩემი მული, „ფრედოს“ მთავარი მხატვარი ქეთი ნოზაძე. 6 დეკემბრამდე მალაიზიაშია, სადაც საქართველოს სახელით მონაწილეობს სილამაზის კონკურსში - „მის მსოფლიო ტურიზმი“. წარმატება მინდა ვუსურვო მას.. სხვათა შორის, ქეთი მალაიზიაშიც „ფრედოს“ აქსესუარებით „აღჭურვილი“ წავიდა. არის ძალიან ნიჭიერი მხატვარი და წარმატებული მოდელი.

-ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა?

-ახლა ძალიან საინტერესო ეტაპზე ვარ: ახლახანს დავოჯახდი, მყავს გვერდით საყვარელი ადამიანი, ვაკეთებ საყვარელ საქმეს და ვცდილობ განვითარდე კიდევ უფრო მეტად..

-რა არის ის, რისთვისაც იბრძვი?

-ამბობენ, ვარ პრინციპული, ჯიუტი.. არა და მგონია, რომ ვარ უბრალოდ - სამართლიანი. ვცდილობ გარშემომყოფელებს სამართლიანად მოვექცე და ანალოგიურად, მათგანაც იგივეს მოვითხოვ.

-შენი ნება რომ იყოს, რას შეცვლიდი ან გამოასწორებდი შენს ცხოვრებაში ან ქვეყანაში ზოგადად?

-ერთმანეთის მიმართ შემწყნარებლობა არ ვიცით.. შური და გაუტანლობა გაძლიერდა, თითქოს. მინდა რომ მშვიდობა იყოს!

-რა არის შენი სამომავლო გეგმა?

-სიახლეები, ახალ-ახალი ნამუშევრები, ახალი იდეები, ახალი მომხმარებლები, ახალი ბაზარი.. მოკლედ, რაც შეიძლება მეტი სიახლე „ფრედოს“.

-რაზე ფიქრობ ხოლმე ყველაზე ხშირად?

-ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე სულ ვფიქრობ, არ დამავიწყდეს შეკვეთა, მისი შინაარსი, ნამუშევრის შესაქმნელად საჭირო ინვენტარი, მასალები, შეკვეთის მიტანის დრო და ადგილი და ა.შ.

-შანსი რომ გქონდეს, რომელ ქვეყანასა და ეპოქაში დაიბადებოდი?

-არაფერს შევცვლიდი. დავიბადებოდი ისევ ამ დროს და ისევ საქართველოში, მხოლოდ სადმე მთაში... ვიცხოვრებდი საქართველოს მაღალმთიან რეგიონში და არც კი მოვისურვებდი ბარში ჩამოსვლას...

-რა იქნება შენი გზავნილი საზოგადოებისთვის?

-ძალიან მძიმე ნოემბერი გადაიტანა ჩემმა სამშობლომ.. მშვიდობა გვქონდეს! 

ნინო ტაბაღუა, გაზეთი "ქრონიკა+"

დატოვე კომენტარი