1 დეკემბერს, საღამოს, რუსეთის დედაქალაქს ეწვია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია. ამ დრომდე, არც მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდსა და არც მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ განთავსებულა ინფორმაცია, რომ მოსკოვში ჩავიდა საქართველოს ეკლესიის დელეგაცია, მაშინ, როცა მსოფლიოს სხვა მართლმადიდებელ ეკლესიათა დელეგაციების ჩასვლის შესახებ, ზემოთ ხსენებულ ორივე ვებ-გვერდზე ინფორმაცია მოიპოვება.
საქართველოს ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში შემდეგი შემადგენლობითაა ჩასული: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე, დელეგაციის ხელმძღვანელი); საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე); საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების თავმჯდომარე, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი).
საქართველოს ეკლესიის დელეგაციის მოსკოვში ჩასვლისა და რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელთან შეხვედრის ფოტო ერთ-ერთმა სასულიერო პირმა მოგვაწოდა.
შეგახსენებთ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს რუსეთში პატრიარქობის აღდგენის ასი წლისთავსა და რუსეთის პატრიარქის ტიხონის (ბელიავინი) ინტრონიზაციის ასი წლის იუბილეს.
აღსანიშნავია, რომ პატრიარქი ტიხონი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ მეორის (საძაგლიშვილი) შეურიგებელი მტერი იყო.