ორი უკრაინელი ოფიცერი, რომელმაც 12 რუს მედესანტესთან ერთად თავი აიფეთქა, რათა ტყვედ არ ჩავარდნილიყვნენ

ლაშა ბერულავა 2017-12-02 20:35:47 ნახვები 914

2014 წლის აგვისტოში, უკრაინის აღმოსავლეთით მიმდინარე დაპირისპირების დროს რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, მძიმედ დაჭრილმა ორმა უკრაინელმა ოფიცერმა, იმისთვის, რომ მტერს ტყვედ არ ჩავარდნოდა, 12 რუს მედესანტესთან ერთად თავი აიფეთქა. 

საზენიტო-სარაკეტო დივიზიონის მაიორი ალექსანდრე კანდესიუკი მისდამი დაქვემდებარებულ პირად შემადგენლობასთან ერთად ოპერაციის ზონის წინახაზზე გადავიდა.

„მარშის შედეგად უკრაინელი სამხედროები ბატალიონთა ჯგუფების ადგილმდებარეობამდე მივიდნენ. ამ დროს უკრაინა-რუსეთის საზღვარზე რუსეთის არმიის დანაყოფები სამხედრო ტექნიკით შემოიჭრნენ. როგორც გაირკვა, ეს იყო კოსტრომაში დისლოცირებული 331-ე სადესანტო პოლკი, რომლის სეტევის შემდეგ უკრაინის 51-ე ბრიგადა ალყაში აღმოჩნდა, ალყაში აღმოჩნდა ასევე მათთან მისული დამხმარე ძალაც, მაიორის ხელმძღვანელობით. რუსეთის არმიის დანაყოფებმა მაშინვე გახსნეს ცეცხლი მათ ხელთ არსებული ყველა იარაღიდან“, - ნათქვამი იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინის თავდაცვის უწყების განცხადების მიხედვით, უკრაინის ბატალიონთა ტაქტიკური ჯგუფების უმრავლესობამ დიდი ზიანი განიცადა და გადაწყდა, შეტევაზე გადასულიყვნენ, რათა ალყა გაერღვიათ. მაიორი კანდესიუკი მაიორ ალექს შეპელიუკთან ერთად, რომელიც საზენიტო-სარაკეტო ბატარეის მეთაური იყო, გარღვევის ავანგარდს მეთაურობდა.

„ავანგარდი გარღვევაზე წავიდა. ბრძოლის შედეგად მაიორმა კანდესიუკმა რამდენიმე ჭრილობა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ტყვიებისგან მიიღო, ხოლო მაიორი შეპელიუკი შეყოვნდა, რათა ოფიცერი ცეცხლის ხაზისთვის გაერიდებინა, რა დროსაც თვითონაც დაიჭრა. ავანგარდის დანარჩენი ნაწილი ტყვიამფრქვევების, ნაღმმტყორცნებისა და პირდაპირი დამიზნებით, „შილკის“ ცეცხლქვეშ მოჰყვა, შემადგენლობის თითქმის ყველა წევრი დაიჭრა. გამჭოლი ცეცხლის გამო, ძირითადმა ჯგუფმა თანამებრძოლთა დასახმარებლად მისვლა ვერ შეძლო, საბაზო ბანაკში დაიხია და წრიული თავდაცვის პოზიცია დაიკავა.

ავანგარდის შემდგომი ბედის შესახებ თვითმხილველები ჰყვებიან: დაჭრილ უკრაინელ მეომრებს 12 რუსი მედესანტე მიუახლოვდა და იარაღის მუქარით მათი დატყვევება სცადა. როცა მტრებმა რკალი შეკრეს და დაჭრილებს რამდენიმე მეტრის მანძილზე მიუახლოვდნენ, დაჭრილი უკრაინელი ოფიცრები ფეხზე წამოდგნენ და ხელები ასწიეს.

თვითმხილველთა თქმით, მათ ხელში, სავარაუდოდ, ხელყუმბარები ეჭირათ, რადგან მედესანტეებისკენ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმისთანავე ორი აფეთქების ხმა გაისმა. თვითმხილველთა თქმით, მედესანტეებისა და უკრაინელების სხეულის ნაფლეთები ერთმანეთში აირია.

ორ უკრაინელ ოფიცერს - მაიორ ალექსანდრე კანდესიუკსა და მაიორ ალექს შეპელიუკს უკრაინის ეროვნული გმირის წოდება სიკვდილის შემდეგ მიენიჭათ.

დატოვე კომენტარი