დილიდან კიევში, მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან მისულმა უკრაინის უშიშროების სპეცდანიშნულების რაზმმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მას შემდეგ დააკავა, რაც მან ბინაში სპეცრაზმის შესვლამდე საცხოვრებელი კორპუსის ტერასაზე (მიხეილ სააკაშვილი ბოლო სართულზე ცხოვრობს) ასვლა და ქუჩაში შეკრებილი მომხრეებისთვის მიმართვა მოახერხა.
სააკაშვილის სახლთან სპეცოპერაცია დილით ადრე დაიწყო, თუმცა, სპეცრაზმმა კარების შემტვრევა და ბინაში სწრაფად შესვლა ვერ მოახერხა, რის შემდეგაც სააკაშვილის სახლთან მისმა მომხრეებმა და უკრაინის რადის დეპუტატებმა დაიწყეს შეკრება.
სახლის ტერასაზე ასულმა მიხეილ სააკაშვილმა მომხრეებს მიმართა და განაცხადა, რომ პეტრო პოროშენკოს რეჟიმმა მიზნად დაისახა მისი ციხეში ჩასმა უკრაინაში ან საქართველოში და ეს პუტინის დავალებით ხდება: "მე სიცოცხლის ფასად გავაგრძელებ ბრძოლას უკრაინისთვის. გამაგრდით! არ დანებდეთ!" - თქვა მიხეილ სააკაშვილმა, რის შემდეგაც ის სახურავიდან სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გაიყვანეს.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მოქმედებენ ოპერატიული ღონისძიების ფარგლებში, რომელიც უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარეობს" - ეს განცხადება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის სახლთან დილიდან დაწყებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გააკეთა.
სააკაშვილის სახლთან შეკრებილ მომხრეებსა და სპეცრაზმის წევრებს შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა. მომხრეები შენობაში შესვლას ცდილობდნენ, მაგრამ მათ ამის საშუალება არ მისცეს. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის ბინაში არ შეუშვეს მისი ადვოკატებიც. მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ბრალი უკვე წაუყენეს და ბინიდან მის გადასაყვანად დამატებითი ძალები გადაისროლეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე ჩასვეს მანქანაში და, იქ შეკრებილი მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებაში გადაიყვანეს.
ადამიანის უფლებათა დამცველთა და იურისტთა განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის დაკავება, ფაქტობრივად, სამართლებრივი ველიდან გასული ქმედებაა და ცალსახად უკანონოა.