ძარწემის პოლიგონზე ოკუპანტთა 58-ე არმიის წვრთნაში 1.500 სამხედრო მონაწილეობს

ერგნეთის საგუშაგო - ძალა ერთობაშია 2017-12-09 00:50:45 ნახვები 3629

გორის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ სოფელ ძარწემის პოლიგონზე, რომელიც ცხინვალიდან 10 კმ-ში მდებარეობს რუსმა ოკუპანტებმა მასშტაბური სამხედრო წვრთნა დაიწყეს, რომელშიც ტანკები და საარტილერიო დანადგარებია ჩართული. 

როგორც ორგანიზაცია "ძალა ერთობაშიას" ერგნეთის საგუშაგოს დამკვირვებლები იტყობინებიან, მსხვილკალიბრიანი იარაღიდან და საარტილერიო დანადგარებიდან სროლის ხმა ერგნეთშიც ისმის. ოფიციალური მონაცემებით, რომლებიც სხვადასხვა რუსულ ვებ-გვერდზე ქვეყნდება, წვრთნაში 1,5 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. 

წვრთნის მიმდინარეობისას ოკუპანტი სამხედროები გადიან ბრძოლაში ტანკების (Т-72БМ), საბრძოლო მანქანების БМП-2 და БМП-3, თვითმავალი საარტილერიო დანადგარების "Акация" და "Гвоздика", ასევე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების მეთოდებს. 

წვრთნაში მოტომსროლელი, სატანკო და საარტილერიო შენაერთები მონაწილეობენ და, რაც მთავარია, თითოეული სამხედრო მოსამსახურე ინდივიდუალურ შეფასებას მიიღებს. აღსანიშნავია ასევე, რომ წვრთნის პროცესი მიმდინარეობს როგორც დღისით, ასევე დღე-ღამის ბნელ მონაკვეთში, რასაც წინასწარ გაწერილი გეგმა ითვალისწინებდა. 

ოფიციალურ თბილისს ძარწემის პოლიგონზე დაწყებულ მასშტაბურ წვრთნასთან დაკავშირებით პროტესტი ამ დრომდე არ განუცხადებია.  

დატოვე კომენტარი