ცხინვალის რეგიონსა და კოდორის ხეობაში, პარალელურ წვრთნებში, ჯამში 2.000-ზე მეტი ოკუპანტი მონაწილეობს

ლაშა ბერულავა 2017-12-09 00:11:16 ნახვები 5245

ცხინვალთან ახლოს, ოკუპირებული ძარწემის პოლიგონზე, ასევე, ოკუპირებულ კოდორის ხეობაში, სოფელ წებელდაში თითქმის ერთდროულად დაწყებულ სამხედრო წვრთნებში, საერთო ჯამში, 2.000-ზე მეტი ოკუპანტი, 200 ერთეულამდე საბრძოლო მანქანა, ათეულობით ტანკი და თვითმავალი საარტილერიო დანადგარი მონაწილეობს.

ძარწემში წვრთნა 4 დეკემბერს დაიწყო, მასში 1.500 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული და ისინი თავდაცვით და შეტევით ოპერაციებს როგორც დღის, ასევე ღამის პირობებშიც ამუშავებენ. სროლის ხმა ერგნეთში მცხოვრებ მოსახლეობასაც ესმის. ოკუპანტი სამხედროები ცნობილი 58-ე არმიიდან გადიან ბრძოლაში ტანკების (Т-72БМ), საბრძოლო მანქანების БМП-2 და БМП-3, თვითმავალი საარტილერიო დანადგარების "Акация" და "Гвоздика", ასევე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების მეთოდებს. 

რაც შეეხება წებელდას, ოკუპირებული ზემო აფხაზეთის (კოდორის ხეობის) ამ სოფელში მიმდინარე წვრთნაში, რომელიც მთის პირობებში სადაზვერვო მოქმედებების ათვისებას, მონაცემების დამუშავებასა და შეტევაზე გადასვლას ითვალისწინებს, 500-დე სამხედრო მოსამსახურე, 30 ერთეული საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის, ჯავშანტრანსპორტიორები (БТР-82АМ), 12,7 მმ-იანი კალიბრის ტყვიამფრქვევებით აღჭურვილი საბრძოლო-სადაზვერვო მანქანები (КамАЗ «Дозор») და დაჯავშნული КамАЗ «Мустанг»-ებია ჩართული.

წებელდაში რუსი ოკუპანტები ახლო დაზვერვის სადგურ СБР-5-თან და დაზვერვის ლაზერულ ხელსაწყოებთან ЛПР-2-თან ურთიერთობასაც ითვისებენ. წვრთნები ოკუპირებულ ზემო აფხაზეთშიც დღისა და ღამის პირობებში მოქმედებას ითვალისწინებს. 

  

დატოვე კომენტარი